5 რჩევა ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღისთვის

სახსრების ტკივილის ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის: ძვლების, კუნთების, სახსრების, იოგების, მყესების, ხრტილების ან სასახსრე აბგის დაზიანებას უკავშირდება. ეს დისკომფორტი შეიძლება იყოს ანთებითი/არაანთებითი ხასიათის ან სულაც უეცარი ტრავმით იყოს გამოწვეული. სახსრების ტკივილი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ 40 წელს ზემოთ ეს პრობლემა უფრო გავრცელებულია. ძირითადად, სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები ქალებში უფრო ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში. რისკ ფაქტორებს შორისაა:

ჭარბი წონა

თამბაქოს მოწევა

ინფექციური დაავადებები. 

წარმოგიდგენთ 5 რჩევას ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღისათვის:

ფიზიკური აქტივობა - თუ თქვენი საქმიანობა ყოველდღიურად საათობით ჯდომას უკავშირდება და არ გაქვთ საქმიანობის შეცვლის საშუალება, მაშინ  ყოველ საათში უნდა შეასრულოთ მცირე ფიზიკური აქტივობა.მაგალითად, წამოდგეთ, გაიაროთ, ახვიდეთ და ჩამოხვიდეთ კიბეებზე. 

კვების რეჟიმი - ნაკლებად უნდა მიიღოთ წითელი ხორცი, ალკოჰოლი, თეთრი პური, შაქარი. ამ პროდუქტებს ძვლებიდან, კბილებიდან და სახსრებიდან გამოჰყავს მინერალი კალციუმი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიჯანსაღისთვის რაციონი უნდა გაამდიდროთ ხილით, თევზით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტებით, რომლებიც უხვად შეიცავენ ვიტამინებსა და მინერალებს.

ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა - უნდა მოერიდოთ ისეთ აქტივობებს,  როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით - უსწორმასწორო ზედაპირზე. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისთვის  და დაზიანებული სახსრისთვის საკმაოდ საზიანო ხდება.

ორთოპედიული ფიქსატორები - სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვასა და  ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს.  გარდა ამისა, მაგალითად მენჯ ბარძაყის ფიქსატორი - მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან იცავს. მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას კი მუხლის ფიქსატორები უზრუნველყოფს. არსებობს ასევე კოჭის, თითის, სხივ-მაჯის, მხრის, იდაყვის, კისრისა და ტერფის ფიქსატორები. ისინი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის,ასევე რეაბილიტაციის პროცესში.

ჯანსაღი ცხოვრების წესი -  მოერიდეთ თამბაქოს მოხმარებას და ეცადეთ, რომ დაკავდეთ ისეთი აქტივობებით როგორიცაა: ცურვა, იოგა და ფეხით სიარული. ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღისთვის ეს აუცილებელი პირობაა. 

სახსრებისა და ძვლების ტკივილის დროს ხშირ შემთხვევაში სიმპტომი მცირე ინტენსივობისაა და არ ახდენს გავლენას ცხოვრების ხარისხზე, ხანდახან კი ტკივილს შემაწუხებელი და აუტანელი ხასიათი აქვს და აქვეითებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს ემოციურ მდგომარეობასა და გონებრივ აქტივობაზე. ამიტომ, დაიჭირეთ თადარიგი და ამ რჩევების გათვალისწინებით დროულად მოახდინეთ სხვადასხვა დაავადების პრევენცია.