“ფეხები მალე მეღლება” - რა შეიძლება იყოს მიზეზი?

ფეხების დაღლა და სიმძიმის შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ადამიანები ხშირად უბრალო გადატვირთვას მიაწერენ. თუმცა, როდესაც ეს სიმპტომები რეგულარულ ხასიათს იღებს და მცირე ფიზიკური აქტივობის შემდეგაც ვლინდება, ამ დროს შესაძლოა სხეული სისხლძარღვოვანი ცვლილებების შესახებ მიგვანიშნებდეს. ამიტომ მნიშნელოვანია მიზეზების გამოკლვევა და დროულად სპეციალისტთან ვიზიტი, გართულებების თავიდან ასაცილებლად. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხების დაღლა?

ფეხებში ქრონიკული დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნების მიზეზი მრავალფეროვანია. ის ხშირად დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ისე სხვადასხვა დაავადებასთან. ამ დისკომფორტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ვენური უკმარისობა და ვარიკოზი: როდესაც ვენური სარქველები სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს, სისხლის მიმოქცევა ფერხდება, ხდება სისხლის შეგუბება ქვედა კიდურებში, რაც იწვევს სიმძიმეს, შეშუპებასა და სწრაფ დაღლას.
  • ბრტყელტეფიანობა და ტერფის დეფორმაცია: ტერფის თაღის არასწორი ანატომიის დროს, სიარულისას დატვირთვა თანაბრად აღარ ნაწილდება. შედეგად, წვივისა და ბარძაყის კუნთები ზედმეტად იძაბება, რაც იწვევს მათ ნაადრევ გადაღლას.
  • ზედმეტი წონა: ჭარბი წონა ზრდის მექანიკურ დატვირთვას სახსრებზე, ხერხემალსა და ტერფებზე, რაც საგრძნობლად აჩქარებს დაღლილობის შეგრძნებას.
  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი: ზედმეტად მაღალი ქუსლები, სრულიად ბრტყელძირიანი ან ვიწრო ფეხსაცმელი აკარგვინებს ტერფს ამორტიზაციის უნარს და აფერხებს ჯანსაღ ცირკულაციას.

ხანგრძლივი დგომისას ფეხებში ტკივილი

ხანგრძლივი დგომის დროს კუნთები არ იკუმშება ისე, როგორც სიარულისას, რაც იწვევს სითხისა და სისხლის შეგუბებას ტერფებსა და კოჭებში. დროთა განმავლობაში ეს იწვევს ქსოვილების შეშუპებას, კუნთების გადაძაბვას და იოგების დაჭიმვას, რაც დღის ბოლოს აუტანელ ტკივილში გამოიხატება. განსაკუთრებით, ეს პრობლემა აწუხებთ ისეთი პროფესიის ადამიანებს რომლებსაც, საათობით უწევთ ფეხზე დგომა. ისინი ყველაზე ხშირად უჩივიან ძლიერ ტკივილსა და წვას ქვედა კიდურებში. 

მკურნალობის გზები 

ფეხების სწრაფი დაღლისა და ტკივილის დასაძლევად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც ცხოვრების წესის შეცვლას, ისე სპეციალური ორთოპედიული საშუალებების გამოყენებას. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ეფექტურია ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება, რომლებიც მომენტალურად ამცირებენ დატვირთვას:

  • ორთოპედიული სუპინატორები: ისინი ინდივიდუალურად ანატომიურად იჭერენ ტერფის თაღს, უზრუნველყოფენ სწორ ამორტიზაციას და მთელ სხეულზე დატვირთვის თანაბარ გადანაწილებას.
  • კომპრესიული ტრიკოტაჟი (წინდები და კოლგოტები): ვენური პრობლემების დროს ეს პროდუქტები ახდენენ მიზნობრივ ზეწოლას კიდურებზე, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლიან შეშუპებას.
  • ეფექტური შედეგისთვის ასევე, რეკომენდებულია წონის კონტროლი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა,  ცურვა ან ფეხით სიარული.