ფეხის ტკივილი სიარულის დროს – ყოველთვის ბრტყელტერფიანობის ბრალია?

ფეხის ტკივილი სიარულის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ამ პრობლემის  გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და მათი სწორად დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ სიმპტომის მკურნალობა ხშირად პრობლემის დროებით შემსუბუქებას იწვევს.  ფეხის ტკივილი სიარულის დროს ყოველთვის ბრტყელტერფიანობის ბრალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მყესების, სახსრების, ნერვების, დატვირთვის ან სხვა ბიომექანიკური პრობლემებით. სწორედ ამიტომ, სწორი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა საუკეთესო გზაა როგორც ტკივილის შესამცირებლად, ისე მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისი კვლევისა და სპეციალისტის რეკომენდაციების საფუძველზე შესაძლებელია არა მხოლოდ სიმპტომების კონტროლი, არამედ ტერფის ფუნქციის გაუმჯობესება და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად ამაღლება. ამ სტატიაში განვიხილავთ, როდის შეიძლება იყოს ტკივილის მიზეზი ბრტყელტერფიანობა, რა სხვა ფაქტორები იწვევს დისკომფორტს და რატომ არის დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტი.

ყოველთვის ბრტყელტერფიანობა იწვევს ტკივილს?

ბრტყელტერფიანობა ფეხების ტკივილის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, თუმცა ყველა ბრტყელი ტერფი მტკივნეული არ არის. ბევრ ადამიანს ეს მდგომარეობა აქვს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტს საერთოდ არ უჩივის. ტკივილი, როგორც წესი, მაშინ ჩნდება, როდესაც ტერფის თაღის ცვლილება სხეულის ბიომექანიკაზე ახდენს გავლენას. ასეთ დროს დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება და ზეწოლა იზრდება ტერფის, კოჭის, მუხლისა და ზოგჯერ წელის არეშიც. თუ გსურთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ამ მდგომარეობას, წაიკითხეთ სტატია: ბრტყელტერფიანობა – სიმპტომები და მკურნალობის გზები.

ფეხის ტკივილის სხვა გავრცელებული მიზეზები

თუ ტკივილი მხოლოდ ბრტყელტერფიანობას არ უკავშირდება, მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა მდგომარეობა. ფეხის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა:

პლანტარული ფასციიტი;

აქილევსის მყესის გადატვირთვა;

ართროზი ან ართრიტი;

ნერვის გაღიზიანება ან კომპრესია;

სპორტული ან ყოველდღიური გადატვირთვა.

ზოგჯერ პრობლემა არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელსაც უკავშირდება. ძალიან მყარი, ვიწრო ან არასაკმარისი ამორტიზაციის მქონე ფეხსაცმელი ტერფზე დამატებით დატვირთვას ქმნის და დროთა განმავლობაში ტკივილის მიზეზი ხდება.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ტკივილი ხშირად ერთადერთი სიმპტომი არ არის. თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს ამჩნევთ, სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია:

ტკივილი მხოლოდ სიარულისას ან ხანგრძლივი დგომის შემდეგ;

ტერფის შეშუპება;

წვის ან დაბუჟების შეგრძნება;.

ქუსლის ან თითების არეში მუდმივი დისკომფორტი;

სიარულის მანერის შეცვლა.

სიმპტომების უგულებელყოფამ შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს და ტკივილი ყოველდღიურ საქმიანობაზეც აისახოს.

რატომ არის სწორი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი?

ფეხის ტკივილის ეფექტური მკურნალობა მხოლოდ მიზეზის დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი. ერთი და იგივე სიმპტომი შეიძლება სხვადასხვა პათოლოგიას უკავშირდებოდეს, ამიტომ თვითდიაგნოსტიკა ხშირად შეცდომაში შემყვანია. თანამედროვე დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა შეფასდეს:

ტერფის თაღის მდგომარეობა;

დატვირთვის განაწილება სიარულისას;

ბიომექანიკური დარღვევები;

საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ორთოპედიული საშუალებების საჭიროება.

თანამედროვე მეთოდებითა და აპარატურით ტერფის კვლევა და დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში” უკვე წლებია ხელმისაწვდომია. სამედიცინო ჯგუფის კლინიკებში ტერფის გამოკვლევა იტალიური ბრენდის, Diasus-ს, აპარატით ხორციელდება, რომელიც სპეციალურ ბილიკზე სიარულისა და დგომის დროს მონაცემებს ინახავს. რეკომენდებულია, რომ ტერფის გამოკვლევა ჩატარდეს 3-4 წლის ასაკიდან, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ტერფის პათოლოგიების მკურნალობა ბავშვობის ასაკიდან დაიწყოს. თუმცა, ტერფის გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.

როგორ მკურნალობენ ფეხის ტკივილს?

მკურნალობის მეთოდი მთლიანად დამოკიდებულია დიაგნოზზე. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია დატვირთვის კორექცია, ხოლო სხვა სიტუაციებში საჭიროა კომპლექსური მიდგომა. მკურნალობის პროცესში მნისნელოვან როლს ასრულებს:

ინდივიდუალურად შერჩეული ორთოპედიული ღაბაშები;

სპეციალური ვარჯიშები და ფიზიოთერაპია;

სწორი ფეხსაცმლის შერჩევა;

წონის კონტროლი;

საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური ან სხვა სამედიცინო მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად შეირჩეს პრობლემიდან გამომდინარე. 

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

თუ ფეხის ტკივილი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, ყოველდღიურ აქტივობას ზღუდავს ან თან ახლავს შეშუპება, დაბუჟება ან ძლიერი დისკომფორტი, რეკომენდებულია სპეციალისტთან დროული ვიზიტი. ადრეულ ეტაპზე ჩატარებული შეფასება ხშირად თავიდან აგვარიდებს ქრონიკულ პრობლემებს და მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას.