რა არის ენდოპროთეზირება

ენდოპროთეზირება - გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ხელოვნური იმპლანტით ჩანაცვლებაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახსრის შეცვლის ოპერაციები ხელოვნური ანალოგით ათასობით ადამიანს უტარდება. თითოეული მათგანისთვის  ეს ერთადერთი შანსია, რომ სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თანამედროვე ენდოპროთეზები მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებია, რომლებსაც ადამიანის სხეულთან კარგი შეთავსება ახასიათებთ. მათი  გამოყენების ხანგრძლივობა 15-20 წელია, თუმცა ადამიანები ენდოპროთეზებს 30 წელიც კი ატარებენ.

როდის არის საჭირო ენდოპროთეზირება?

ადამიანის ცხოვრებაში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები რადიკალური  ცვლილებების მომტანია. ტრავმების, გარკვეული დაავადებების, მათ შორის - თანდაყოლილი პათოლოგიების, ზედმეტი წონის, შეუსაბამო და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შედეგად ვითარდება ოსტეოართროზი – დაავადება, რომელმაც ადამიანის ფიზიკური უნარშეზღუდულობა შეიძლება გამოიწვიოს. სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია უნდა ჩატარდეს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის არაეფექტურობის დროს,  როდესაც ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად გადაადგილება და უძნელდება ყოველი მოძრაობა.   მკურნალობის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში სახსრის ფუნქცია სრულად ირღვევა. სწორედ ამ დროს საჭირო ხდება დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლება.

მენჯ-ბარძაყისა და  მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება

ბოლო წლებში სახსრების პათოლოგიებით შეპყრობილი ადამიანების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ენდოპროთეზირების ოპერაცია უმეტესად მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარზე კეთდება. ისევე როგორც სხვა ქირურგიული ჩარევების დროს აუცილებელია, რომ პაციენტს ოპერაციის ჩასატარებლად ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი ჰქონდეს. საჭიროა, რომ პირველ ეტაპზე პაციენტმა კონსულტაცია გაიაროს ორთოპედ-ტრავმატოლოგთან,დანიშნულების შემთხვევაში შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროს და დეტალურად მიჰყვეს მის მითითებებს.

რეაბილიტაცის პერიოდი

რეაბილიტაცია ნაოპერაციები კიდურის ფუნქციის სწრაფ აღდგენასა და პოსტოპერაციულ პერიოდში გართულებების პრევენციას გულისხმობს.  სხვადასხვა სახსრის ენდოპროთეზირებისას სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობა განსხვავებულია. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების დროს ეს პერიოდი 6 კვირიდან 3 თვემდეა. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს პაციენტმა უნდა აკონტროლოს წონა და არ მოიმატოს.მენჯ-ბარძაყზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ გამოიყენება უნიტაზის ასამაღლებელი,რომელიც ზედაპირს 11 სანტიმეტრით ამაღლებს და უზრუნველყოფს სახრის დაზოგვას.დამოუკიდებლად გადაადგილების საწყის პერიოდში პაციენტს თვითგადასაადგილებელი საშუალება,უკვე შემდგომ კი ყავარჯნის გამოყენება შეუძლია.პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს მკურნალი ექიმის რეკომენდაციები და მიჰყვეს მის რჩევებს. კლინიკიდან გაწერის შემდეგ  ახალგაზრდა და აქტიური პაციენტები  ექიმის მეთვალყურეობით რეაბილიტაციის კურსის დამოუკიდებლად გავლას  მარტივად ახერხებენ, შედარებით ასაკოვან პაციენტებს კი უჭირთ კვალიფიციური მედპერსონალის გარეშე გააქტიურება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორების დახმარება უმჯობესია.

რაც მთავარია, რეაბილიტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ პაციენტებს აღარ აწუხებთ სახსარში ტკივილი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.

“ახალი ხედვის” ენდოპროთეზები

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” სააქციო საზოგადოება  “TIPSAN”-ის  ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.ის აწარმოებს ბარძაყის ძვლის ,ასევე მუხლისა და მხრის ენდოპროთეზების იმპორტს.