რა არის ლიმფოსტაზი?
ლიმფოსტაზი სამედიცინო წრეებში გავრცელებული ტერმინია და უმეტეს შემთხვევაში, მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილი შეშუპებულია. სინამდვილეში ლიმფოსტაზი არ წარმოადგენს დიაგნოზს, ის უფრო სიმპტომია იმის მიმანიშნებელი, რომ ორგანიზმში ლიმფური სისტემის უკმარისობის გამო შეგუბებით მოვლენებს აქვს ადგილი.
ლიმფური სისტემის უკმარისობის, შეგუბების გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს: მემკვიდრული ფაქტორი, ვენური დაავადება, ტრავმატიზმი, დამწვრობა, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა, სხვადასხვა წარმოშობის ანთება და სხვა.
ლიმფური სისტემის სისუტის გამო განვითარებული შეშუპება კი ლიმფედემას წარმოადგენს და ეს უკვე დიაგნოზია. ლიმფედემები სხვადასხვა წარმოშობისაა (პირველადი, მეორადი) და სხვადასხვა ხარისხის. მათი განვითარების თავისებურება იმგვარია, რომ გარეგნულ გამოვლინებამდე ბევრად ადრე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ლიმფური სისტემის იმგვარ უკუგანვითარებას, რომ გამოვლენის შემდგომ მისი მკურნალობა ძალიან გართულდეს. ამიტომ სტადიების ათვლა იწყება არა პირველი სტადიიდან არამედ ნულოვანი სტადიიდან. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც შეშუპება გარეგნულად ჯერ არ არის გამოვლენილი, თუმცა რისკი ძალიან მაღალია და ის ადრე თუ გვიან გამოვლინდება. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალი რისკის მქონე ადამიანებთან პრევენციულად მკურნალობის დაწყება მანამ, სანამ ეს პრობლემა გარეგნულად იჩენს თავს.
გერმანიაში ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ განვითარებული ლიმფედემების განვითარების რისკი დასულია 40%-იდან (საერთო ევროპული მაჩვენებელი) 5%-მდე და ამის მიზეზი პრევენციული მკურნალობის 100%-იანი დაფინანსებაა!
განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ადამიანები:
-
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში (განს. სხივური თერაპიის შემდგომ)
-
ქრონიკული ვენური დაავადების დროს
-
პოსტტრავმულ და პოსტოპერაციულ სიტუაციაში
-
გენეტიკური განწყობილების შემთხვევაში
- ლიპედემის საწყის სტადიაზე და სხვა
სიმპტომები და გართულებები
ლიმფედემის განვითარების მიმანიშნებელი სიმპტომებია კიდურების სიმძიმე, დღის მეორე ნახევარში დაღლისა და მცირე შეშუპების გამოვლინება, რომელიც მეორე დილისთვის ისევ ლაგდება. სიტუაციას ამძიმებს ანთების ნიშნების გამოვლენა - სიმხურვალე, ტკივილი, ფერის შეცვლა, წვის შეგრძნება - ამ დროს არ არის გამორიცხული ინფექციის განვითარება, რომელიც უკან ხევს ლიმფური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და შესაძლოა განმეორებითი ხასიათი ჰქონდეს. წითელი ქარის ინფექცია კიდევ უფრო ართულებს ადამიანის ცხოვრებას და საბოლოოდ ლიმფედემა ყალიბდება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას ლიმფედემის დიაგნოზის დასმა ექიმისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და არ საჭიროებს ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენებას. მით უფრო, რომ საქართველოში ასეთი საშუალებები მრავლად არ მოგვეპოვება. მარტივი დოპლეროგრაფიის პირობებშიც კარგად ჩანს სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეგუბებული სითხე - ლიმფა.
მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ლიმფედემის განვითარების მაღალი რისკის არსებობის დროს არ დაველოდოთ მის გარეგან გამოვლენას და დავაზღვიოთ ადამიანი შემდგომი გართულებებისგან!
როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?
ლიმფედემების (ასევე ლიპედემების) მკურნალობის დღევანდელ დღეს მსოფლიოში აღიარებულ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს შეგუბების საწინააღმდეგო თერაპიული კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი თერაპიები:
-
მანუალური ლიმფოდრენაჟი - მასაჟის სპეციფიურ ფორმა
-
კომპრესიული თერაპია - ლიმფოლოგიური ბანდაჟირება სპეციალური ელასტიური ბინტებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით, კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება (სასურველია მაღალი ხარისხის კომპრესიული ტრიკოტაჟი შერჩეული სპეციალისტების მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უკუეფექტი მივიღოთ)
-
ლიმფური სისტემის გასააქტიურებელი სპეციფიური ვარჯიშები (კუნთის ტუმბო)
-
კანის სპეციფიური მოვლა
-
და რაც მთავარია ადამიანის განსწავლა თვითორგანიზების თვალსაზრისით
ლიმფედემების ოპერაციული გზით განკურნების მისაღწევად მრავალი სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებით - ლიმფური კვანძების გადანერგვა, სადინრების ჩანერგვა და სხვა. თუმცა, ჯერჯერობით ყოველივე ექსპერიმენტის ფაზაშია და ამიტომ ოქროს სტანდარტით მკურნალობა წარმოადგენს დღევანდელ აუცილებლობას. მაშინაც კი, როდესაც ხდება სპეციფიური ლიპოსაქცია ლიპედემების ან კომბინირებული ფორმების - ლიპო-ლიმფედემების შემთხვევაში, ოპერაციისთვის მომზადება და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მოიცავს სწორედ ამ ოქროს სტანდარტის კომპონენტებს.
გასათვალისწინებელია ამ თერაპიული კომპლექსის ჩატარების აბსოლუტური და შეფარდებითი უკუჩვენებები სხვადასხვა დაავადების დროს. ასეთებია: გულის უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, დიაბეტი (შეფარდებითი), მწვავე ანთებითი დაავადებები და სხვა. სწორედ ამიტომ, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ლიმფოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით და მასთან მუდმივი უკუკავშირით და აგრეთვე ეს მკურნალობა ტარდებოდეს სპეციალურად განსწავლილი პროფესიონალებისა და არა შემთხვევითი ადამიანების მიერ.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რიგი მძიმე დაავადების დროს დაუშვებელია პრესოთერაპია - აპარატურული მკურნალობა, რომლის დროსაც შესაძლოა ლიმფური სისტემის ისედაც დაქვეითებული რესურსი მასზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად უარესად დაზიანდეს და გამოვიწვიოთ შეუქცევადი გაუარესება. აპარატურული მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ დამხმარე მეთოდად და ისიც გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ სპეციალისტების დანიშნულებით.
შეშუპების საწინააღმდეგო თერაპიული კომპლექსით მკურნალობა ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით თუ ხდება დროული ჩარევა, მას ალტერნატივა არ აქვს. ამასთანავე, წარმატებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს პაციენტის ჩართვა პროცესის მართვაში, მისი განსწავლა და რაც შეიძლება მალე მისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების დაბრუნება, სადაც ის თავად განკარგავს თავის ცხოვრების ხარისხს და მოგვმართავს დახმარებისთვის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ლიმფოლოგების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს პაციენტის მაქსიმალური ინფორმირებულობა და თვითდახმარებისთვის ყოველივე აუცილებელი პირობის სწავლება. მხოლოდ პაციენტთან თანამშრომლობის მაღალი ხარისხი განაპირობებს საუკეთესო შედეგს!
როგორც წესი, მკურნალობა ორ საფეხურად მიმდინარეობს - თავდაპირველად მიმდინარეობს ე.წ. განტვირთვის კურსი, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული პრობლემის ხანდაზმულობაზე (1-2 თვე). ხოლო შემდგომ, გარკვეული შესვენების შემდეგ - შემანარჩუნებელი სამკურნალო კურსი (ან კურსები ლიმფედემის სიმძიმიდან გამომდინარე), რომელიც უფრო ხანმოკლეა და ორიენტირებულია პირველადი ეფექტის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.
პიველი - განტვირთვის კურსის დასრულებამდე პაციენტს აუცილებლად უნდა შევურჩიოთ მასზე მორგებული სტანდარტული, ხარისხიანი ტრიკოტაჟი, ან თუ სტანდარტული ტრიკოტაჟი არ ერგება შევუკვეთოთ მისთვის ინდივიდუალურად დამზადებული ტრიკოტაჟი.
კომპრესიული ტრიკოტაჟის გარეშე ვერ შევინარჩუნებთ მკურნალობის შედეგებს და ვერ გავაუმჯობესებთ მათ! კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას იმიტომ ვუწოდებთ კომპრესიულ თერაპიას, რომ ამ დროს ადამიანი მუდმივად თერაპიულ პროცესშია და დაცულია მთელი რიგი გართულებებისაგან.