რა არის ვარიკოზი?

ვარიკოზი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის ქვედა კიდურებზე ვრცელდება, რადგან ფეხზე დგომა და სიარული ზრდის წნევას სხეულის ქვედა ნაწილზე. ეს კი იწვევს სისხლძარღვებში სისხლის დაგროვებას და მათ დაჭიმვას. შედეგად კი, კანის ზედაპირზე ჩნდება შეშუპებული, ამობურცული და დაკლაკნილი ვენები.

რა იწვევს ვარიკოზს?

ვარიკოზის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მემკვიდრეობითობა სახელდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც იგი მშობლიდან შვილზე გადადის. ასევე, დაავადებას განაპირობებს ჰორმონალური ფაქტორები, როგორებიცაა სქესობრივი მომწიფების, ორსულობის და მენოპაუზის პერიოდი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ა.შ.

ორსულობის დროს ვარიკოზის განვითარება ძალიან ხშირია პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. ორსულობა ჰორმონალური დონისა და სისხლის მოცულობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ვენების გადიდებას. ვენების მდგომარეობა  ხშირად უმჯობესდება მშობიარობიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. ამასთან, მომდევნო ორსულობის დროს, ვენების დაზიანება უფრო ღრმავდება.

ვარიკოზის სიმპტომები

ზოგჯერ ვარიკოზს ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორებიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება და შედეგად ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი.

მეტნაკლებად ცნობილი სიმპტომებია ტკივილი, დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება, რაც, როგორც წესი, დღის ბოლო ბოლოს უფრო მეტად მძაფრდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ვარიკოზის სიმპტომები შეიძლება გამძაფრდეს ცხელ ამინდში, ან დიდი ხნით დგომის შემდეგ. თუმცა, შესაძლებელია მდგომარეობის შემსუბუქება ფეხების დასვენების ან სიმაღლეზე აწევის შემდეგ.

გარდა ზემოთ აღწერილი სიმპტომებისა, ვარიკოზს შეიძლება ახასიათებდეს:

        მეწამული ან ლურჯი ფერის შეშუპებული, დაკლაკნილი ვენები;

        კუნთების კრუნჩხვები, პულსაცია, ტკივილი ფეხებში;

        მუხლის უკან ტკივილის შეგრძნება;

        ქავილი ვენების გარშემო;

        ადვილად დაღლადი ფეხის კუნთები;

        კანის ფერის ცვლილება;

        კანის წყლულები.

ვარიკოზი ქალებში

ქალებში ვარიკოზის გამომწვევი ძირითადი მიზეზი პროგესტერონის დონის ზრდაა. როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში წარმოიქმნება ჰორმონი, რომელიც პროგესტერონის სახელით არის ცნობილი. ეს ჰორმონი ქალებში უფრო დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, ვიდრე მამაკაცებში. სწორედ ეს განაპირობებს ქალებში ვარიკოზის განვითარებას.

პროგესტერონი არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს რამდენიმე სასიცოცხლო ორგანოს სწორი ფუნქციონირების შენარჩუნებისათვის. ასევე, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების მოდუნებას, რაც იწვევს ვარიკოზის წარმოშობას.

ორსულობის პერიოდში იწყება ჰორმონ პროგესტერონის აქტიური გამოყოფა, რაც იწვევს ქსოვილებში სითხის დაგროვებას და მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდას. ეს ქმნის დამატებით სტრესს სისხლძარღვებისა და ვენების კედლებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალებს ხშირად უვითარდებათ საშვილოსნოს ვარიკოზი. ეს არის დაავადება, რომელიც ძირითადად ორსულობის დროს იჩენს თავს, რასაც განაპირობებს ჰორმონალური ფონის შეცვლა, საშვილოსნოსა და მენჯის ვენების კედლების ტონუსის შემცირება, რაც იწვევს ვარიკოზის განვითარებას.

ვარიკოზი კაცებში

არამხოლოდ ქალებში, არამედ კაცებშიც ვარიკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მამაკაცებში ვარიკოზის განვითარებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ასაკი, პროფესია, ცხოვრების წესი და მემკვიდრეობითობა. ეს უკანასკნელი ვარიკოზული ვენების ყველაზე გავრცელებული მიზეზია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

ასევე, სიმსუქნე და ზოგადად ჭარბი წონა ზეწოლას ახდენს ვენებზე, რაც ვარიკოზის განვითარების რისკს ზრდის. თუ თქვენი ცხოვრების წესის გამო, დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა ან ფეხზე დგომა გიწევთ, ეს ზრდის ვარიკოზის განვითარების ალბათობას.

ვარიკოზის გართულებები

ტროფიკული წყლულები

ტროფიკული წყლულები ვლინდება კანის დაზიანებით, რომელიც ძნელად ხორცდება, ხშირად ინფიცირდება და ჩირქდება.

წყლულის განვითარებამდე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

        ქვედა კიდურების შეშუპება და სიმძიმე;

        ტკივილი ფეხის ან ტერფის არეში;

        ფეხის კრუნჩხვები, განსაკუთრებით ღამით;

        ქავილი და/ან წვა ფეხის ან ტერფის არეში;

        დაზიანებულ ადგილზე კანის ფერის ცვლილებები;

ვარიკოზული ვენების გახეთქვა

ვარიკოზის განვითარების ეტაპზე სისხლძარღვები თანდათან უფრო თხელდება და გარკვეულ ეტაპზე ვენა ყველაზე სუსტ, კანთან შეხორცების ადგილას სკდება, რაც იწვევს ვენიდან სისხლდენას. ამ დროს მნიშვნელოვანია სისხლდენის შეჩერება მასზე ზეწოლით. გახეთქილმა ვარიკოზულმა ვენამ შესაძლოა არ შეწყვიტოს სისხლდენა, ამიტომ სამედიცინო დახმარების გარეშე, ადამიანმა მნიშვნელოვანი რაოდენობის სისხლი შესაძლოა დაკარგოს. 

მწვავე თრომბოფლებიტი

ეს არის ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს თრომბის წარმოქმნას და ბლოკავს ერთ ან მეტ ვენას. დაზარალებული ვენა შეიძლება იყოს თქვენი კანის ზედაპირზე (ზედაპირული თრომბოფლებიტი) ან კუნთის სიღრმეში (ღრმა ვენის თრომბოზი). მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ტრავმა, ოპერაცია ან ხანგრძლივი ფიზიკური უძრაობა.

ვარიკოზის მკურნალობის მეთოდები

სახლის პირობებში მკურნალობა

ეს მეთოდი როგორ წესი სიმპტომების შესამსუბუქებლად და ვარიკოზის გაუარესების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. თქვენ შეგიძლიათ:

        ატაროთ კომპრესიული წინდები და ელასტიური გეტრები;

        ფეხების სიმაღლეზე აწევით დაასვენოთ ისინი;

        მოერიდოთ დიდხანს ჯდომას ან დგომას;

        ივარჯიშოთ.

თუ სახლის პირობებში მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, არსებობს პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს მოიცავს შემდეგს:

        ლაზერული მკურნალობა - კანის ზედაპირზე მკვეთრად გამოხატული ვენების გაქრობა;

        ფლებექტომია - ვენების შუნტირება, ვენების დაზიანებული სარქვლების აღდგენა;

        რადიოსიხშირული მკურნალობა - გამოიყენება ვენების შიგნით, მათი დახურვის მიზნით;

        სკლეროთერაპია - სპეციალური ნივთიერების შეყვანა ვენის სანათურში.

ახალი ხედვის ვარიკოზის მოვლის საშუალებები

სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და მრავალფეროვანი არჩევანის ვარიკოზის მოვლის საშუალებებს. პროდუქცია მოიცავს ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდებს, კოლგოტებს, ლიმფოსტაზის ხელის გეტრებს, კოლგოტებს ორსულთათვის და სხვა.

მაღაზიათა ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო და შესაფერისი პროდუქტები, რომელთა არჩევაშიც კვალიფიციური და გამოცდილი კონსულტანტები გაგიწევენ დახმარებას.

რჩევები ვარიკოზთან დაკავშირებით

იმისათვის, რომ ვარიკოზმა არ შეგიშალოთ ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვენ შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა რამოდენიმე რჩევის გათვალისწინებით:

        ფეხების ვარჯიშები;

        დაწოლილ მდგომარეობაში, გულის სიმაღლის ზემოთ ფეხების აწევა და დასვენება;

        ცივი წყლის აბაზანა ფეხებისათვის შეგიმსუბუქებთ სიმძიმის შეგრძნებას;

        დიდი რაოდენობით წყლის მიღება;

        მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისაგან თავის არიდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!