სპორტული ტრავმები ბავშვებში
-
რამდენად ხშირია და რომელია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტრავმები სპორტსმენ ბავშვებში?
ბავშვთა განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა, გარემო პირობების შეუფასებლობა, ინტენსიური მოძრაობა და არასაკმარისი უნარ-ჩვევები მათი ტრავმირების მხრივ საშიშ სიტუაციას ქმნის. სპორტსმენ ბავშვებში, რომლებიც არ არიან მზად სერიოზული ფიზიკური დატვირთვისთვის, ტრავმის მიღების რისკი ყოველთვის მაღალია და სიხშირე რასაკვირველია დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე, ასაკზე, დროსა და სივრცეზე. ზრდაში მყოფი ბავშვი, ვარჯიშიდან გამომდინარე, სისტემატურად იმეორებს სპეციფიურ მოძრაობებს, რასაც მიზეზ-შედეგობრივად თან ახლავს კიდურ(ებ)ის დინამიური ან/და სტატიკური დატვირთვა, ერთი და იმავე იოგების, მყესების, კუნთების გადაძაბვა ან/და ჰიპერტროფია, გაძვალების ბირთვების და სასახსრე ჩანთის გადატვირთვა, მის სინოვიალურ ნაწილში სისხლის მომარაგების მატება და ვეგეტო-ტროფიული დარღვევები, რასაც მივყევართ ასეპტიურ ანთებით პროცესებამდე, ხრტილის და ძვლის სტრუქტურულ ცვლილებებამდე. არასწორი მოძრაობებით, მექანიკური ზემოქმედებით და აგრესიით შეიძლება განვითარდეს ისეთი ხშირი ტრავმები, როგორებიცაა კიდურ(ებ)ის ღრძობა, დაჭიმვა და გადაძაბვა, ამოვარდნილობა ან/და მოტეხილობა. ბავშვებში ასევე ფართოდ გავრცელებულია ოსტეოქონდროპათია, შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზია და ჰიპერმობილობა, რომელიც სკოლამდელ ან/და სასკოლო ასაკში სერიოზული პრობლემაა ჯანმრთელობისთვის და საფრთხეს უქმნის სპორტულ კარიერასაც
-
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სპორტული აქტივობებით დატვირთვა?
ორგანიზმის ნორმალური ანატომიური და ფუნქციური ზრდა-განვითარებისთვის, სწორად შერჩეული სპორტული აქტივობებით დატვირთვა ნებისმიერი ბავშვისთვის ადრეული ასაკიდან მნიშვნელოვანია. სპორტი ბავშვს ანვითარებს ფიზიკურად და ემოციურად, ყალიბდება ძლიერი პიროვნული ხასიათი, თავდაჯერება, მიზანსწრაფვა, გუნდურობა, სოციალური, ინტელექტუალური უნარ-ჩვევები და დისციპლინა. ის აძლიერებს ძვალ-კუნთოვან, ნერვულ-სისხლძაღვოვან სისტემას და იმუნიტეტს. მთლიანობაში კარგად აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და დადებით გავლენას ახდენს შემდგომ ცხოვრებაში
-
რეკომენდაციები მშობლებს (რა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის სპორტის სახეობაზე შეყვანის დროს) და როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვის ესა თუ ის ტრავმა?
სპორტის სახეობაზე შეყვანის დროს, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ასაკის, ხასიათის და ინტერესის შესაბამის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციური შესაძლებლობებს. სასურველია წელიწადში 1-2 ჯერ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რათა დროულად გამოვლინდეს ფიზიკურ დატვირთვაზე სამედიცინო ჩვენება ან/და უკუჩვენება იმისათვის, რომ მწვრთნელმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინოს ვარჯიშის დროს. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი კვება და დღის რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური დატვირთვის წინ საჭიროა მოთელვა (გახურება), შემდგომ შესვენება და ვარჯიშებს შორის დროის სწორი განაწილება. მწვრთნელი თავის მხრივ, უზრუნველყოფს თანაბარი სავარჯიშო პროცესის და ტექნიკის შესრულებას, შეასწავლის სწორ ფიზიკურ დატვირთვას, მანევრირებას დაცემის ან/და შეჯახების დროს. მშობლებს ვურჩევ ტრავმის შემთხვევაში, მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია, დამზოგავი რეჟიმი და სავარჯიშო პროცესებში ჩართვა შეათანხმონ ექიმთან
-
როგორ ვუმკურნალოთ ბავშვთა ასაკში სპორტული აქტივობების შედეგად მიღებულ ტრავმებს?
ბავშვის ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით, ტრავმების სწორი მკურნალობა შესაძლებელია, სწრაფი პირველადი სამედიცინო დახმარებით, კარგი კლინიკურ-ინსტრუმენტული კვლევის, დროულად ჩატარებული მკურნალობის და სრულყოფილი რეაბილიტაციის შემთხვევაში. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენი ბავშვის დროულ დაბრუნებას ვარჯიშებსა და შეჯიბრებებზე
-
რა სახის ტრავმა შეიძლება განუვითარდეს ბავშვს სირბილის დროს?
სირბილის დროს არასაწორი მოძრაობით, წაბორძიკების, ფეხის დასრიალების, გადაბრუნების ან წამოკვრის შედეგად, ჭარბობს ქვედა კიდურის დაჭიმულობა, ღრძობა ან მოტეხილობა. აგრეთვე ზრდის პროცესში, ათლეტური აღნაგობის, აქტიურ სპორტსმენ ბავშვებში, განსაკუთრებით ვინც ერთიანად იმატებს სიმაღლეში, სირბილისას ხშირია გადაჭარბებული დატვირთით განვითარებული ქუსლის (შინცის დაავადება) და დიდი წვივის (ოსგუდ-შლატერის დაავადება) ოსტეოქონდროპათიები
-
რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ღაბაშის ან სილიკონის სუპინატორის გამოყენება ბავშვებში სირბილის და სხვა სპორტული აქტივობის დროს?
ხანგრძლივი ვარჯიში და ზეწოლა ხშირად იწვევს ტერფების პრობლემებს. სირბილის და სხვა სპორტული აქტივობისას მნიშვნელოვანია ქვედა კიდურის გადაძაბვა-გადაღლის პროფილაქტიკისთვის ან/და ტერფის პათოლოგიების კორექციისთვის გამოყენებულ იქნას ინდივიდუალური ღაბაში, ტერფის სილიკონიანი სუპინატორი ან განმტვირთავი ჩანართები. აღნიშნული პროდუქცია შეირჩევა კლინიკურ-რენტგენოლოგიური კვლევით, სტატიკური (პოდოსკანირება) და დინამიური (ბაროპოდომეტრია) ოპტიკო-ელექტრონული პლანტოგრაფიით ე.ი. დგომის და მოძრაობის პროცესში ტერფის დეტალური, სამგანზომილებიანი ანაბეჭდით მიღებული შედეგების საფუძველზე, რომელიც ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას უზრუნველყოფს, ხელს უწყობს ტერფის სტაბილიზაციას და კომფორტულ გაადგილებას დღის მანძილზე
-
სპორტული ტრავმების დროს როდის გამოიყენება ორთოპედიული ფიქსატორები და კინეზიო ტეიპები? რა არის მათი როლი და უპირატესობა? რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის მიერ მათი შერჩევა?
სხეულის თითქმის ყველა ნაწილისათვის დამზადებული უდრეკი ან/და რბილი ორთოპედიული ფიქსატორები, რომელიც ზღუდავს სახსრის მოძრაობას, აქტიურად გამოიყენება დაზიანების მკურნალობის, ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში ან შესაბამისი დაავადების პროფილაქტიკისთვის. კინეზიო ტეიპი კანის იდენტური სისქით დამზადებული ელასტიური დასაკრავი სამედიცინო ქსოვილია, რომელიც არ ზღუდავს ბუნებრივ მოძრაობას და ეფექტურია სპორტული ტრავმების და ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიების მკურნალობისას. ის ამცირებს არასწორ დატვირთვას, ხელს უწყობს და აადვილებს კუნთის აქტივობას და მოძრაობას, დაზიანებულ ადგილას აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფოდრენაჟს, რაც ხელს უწყობს ქსოვილის შეშუპების შემცირებას, კუნთოვანი და მყესოვანი უჯრედების აღდგენას. მისი დახმარებით გააგრძელებთ სრულფასოვან ვარჯიშს. ვინაიდან სპორტული ტრავმები განსხვავებულია, ზემოთ ხსენებული პროდუქცია მნიშვნელოვანია შეირჩეს ინდივიუალურად ექიმის მიერ
ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ავთანდილ ფურცელაძე