ტრისტან ნიშნიანიძე თემაზე - რა არის სქოლიოზი?

სქოლიოზი ეს არის ხერხემლის გადახრა ფრონტალურ სიბრტყეში, რომელიც აღემატება 10 გრადუსს. დღესდღეობით საზოგადოებაში არსებული საერთო სქოლიოზის 80% არის იდიოპათიური ხასიათის სქოლიოზი, რომელიც ყველაზე მატად გავრცელებულია მოზარდებში. ამ შემთხვევაში, პათოლოგიის გამომწვვეი მიზეზი დადგენილი არ არის, რაზეც თავად სიტყვა “იდიოპათიური” მიუთითებს, რაც  „გამომწვევი მიზეზის გარეშე“-ს ნიშნავს.

საზოგადოდ გავრცელებულია აზრი, რომ არასწორი ჯდომა ხერხემლის გამრუდებას იწვევს. თუმცა, არასწორი ჯდომა ვერ ჩაითვლება სქოლიოზის გამომწვევ მიზეზად,რადგანაც ის გავლენას ახდენს მხოლოდ პოსტურალურ დარღვევებზე, რაც გამოხატულია ვიზუალურად ბავშვის არასასურველ დგომაში და არ წარმოადგენს ხერხემალში ორგანული ცვლილებების გამომწვევ მიზეზს.

როგორ ამოვიცნოთ სქოლიოზი?

სქოლიოზის ამოცნობას დიდი დაკვირვება სჭირდება. სქოლიოზის პირველი ნიშნებია:

ნაოჭების ასიმეტრია;

ბეჭის ძვლის მაღლა დგომა;

მხრებისა და თეძოს ძვლების არათანაბარი დგომა.

ზემოთჩამოთვლილი ნიშნების აღმოჩენისა და სქოლიოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პაციენტმა მიმართოს ექიმ-ორთოპედ-ვერტებროლოგს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. აუცილებლობის შემთხვევაში კი, საწიროა, რომ პაციენტს ჩაუტარდეს რენტგენოგრაფიული კვლევა.

გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება იდიოპათიურია, ანუ გამომწვევი მიზეზი არ გააცნია, ვერ ცერთი სპორტული აქტივობა ვერ გამოიწვევს სქოლიოზს, სქოლიოზის განვითარებას ან მის  გაუარესებას. ერთადერთი ნიუანსი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სპორულ აქტივობასთან მიმართებაში, ეს არის  ზურგისა და წელის ტკივილი. წელისა და ზურგის ტკივილის არსებობის შემთხვევაში კი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად არის ვერტიკალური დატვირთვების შემცირების გადაწყვეტილება მისაღები.

სქოლიოზის გართულებული ფორმის არსებობის დროს, რიგ შემთხვევში, გამოხატულია სუნთქვის უკმარისობა, წელისა და ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ერთოდეს ნევროლოგიური გართულებები.

როგორ ვუმკურნალოთ სქოლიოზს?

როგორც სხვა დაავადებებისა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, სქოლიოზის თავიდან აცილების სწორი გზა სქოლიოზის სკრინინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული და სწორი მკურნალობაა.

სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში სქოლიოზი სრულად იკურნება. საშუალო სიმძიმის სქოლიოზის (20-დან 45-გრადუსამდე) მართვის სწორო გზაა კორსეტითა და სამკურნალო ვარჯიშებით მკურნალობა, ხოლო მძიმე სქოლიოზის შემთხვევაში, რომელიც აღემატება 45 გრადუსს - ოპერაციული მკურნალობა არის საჭირო.

რჩევები მშობლებს

სასურველია, რომ მშობლებმა შვილები მაქსიმალური სპორტული აქტოვობით დატვირთონ, ყოველ 6 თვეში კი პროფილაქტიკის მიზნით ჩაუტარონ სქოლიოზის სკრინინგი. პათოლოგიის არ არსებობის შემთხვევაში, სისტემატურად დააკვირდნენ მოზარდის ზურგს, იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევენ ნაოჭების ასიმეტრიას, ბეჭის ძვლის მაღლა დგომას ან მხრისა და თეძოს ძვლების არათანაბარ დგომას აუცილებლად მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით საყურადღებოა 9-დან 13 წლამდე მონაკვეთი, ანუ გარდატეხის პერიოდი.

გაითვალისწინეთ, რომ სწორი და დროული მკურნალობა სქოლიოზის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!