ზურგის ტკივილი ჯდომის შემდეგ – როგორ შევამციროთ?

დღის განმავლობაში დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით კომპიუტერთან მუშაობისას, ხშირად ზურგის, წელისა და კისრის დისკომფორტის მიზეზი ხდება. ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნა კუნთებს ძაბავს, მოძრაობის ნაკლებობა კი ხერხემლის საყრდენ სტრუქტურებზე დამატებით დატვირთვას ქმნის. თუმცა, სწორი მკურნალობითა და ორთოპედიული დამხმარე საშუალებებით შესაძლებელია ამ დისკომფორტის თავიდან აცილება. 

რატომ გვტკივა ზურგი ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ?

ჯდომის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის პოზიცია. თუ ადამიანი წინ არის გადახრილი, სკამს სწორად არ ეყრდნობა ან ფეხები იატაკზე მყარად არ უდგას, ზურგისა და წელის კუნთებს უწევთ დამატებითი მუშაობა სხეულის სტაბილიზაციისთვის.გარდა ამისა, ხანგრძლივი უძრაობის გამო მენჯის ფსკერისა და ზურგის კუნთები მოდუნებასა და სისუსტეს იწყებს.  ხანგრძლივი სტატიკური პოზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სამუშაოსთან დაკავშირებულ ზურგის დისკომფორტს ხელს უწყობს. ამასთან, არასწორად მოწყობილი სამუშაო სივრცე - დაბლა განთავსებული მონიტორი, მოუხერხებელი სკამი ან არასწორ მდგომარეობაში დიდხანს  ყოფნა - პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს.

როგორ დავჯდეთ სწორად?

„სწორი პოზა“ არ ნიშნავს მთელი დღის განმავლობაში ერთ, იდეალურად გამართულ მდგომარეობაში გაუნძრევლად ყოფნას. გაცილებით მნიშვნელოვანია კომფორტული პოზიციის შენარჩუნება და მისი რეგულარული შეცვლა. სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას გაითვალისწინეთ:

  • ზურგი მიაყრდენით სკამის საზურგეს და გამოიყენეთ წელის ბუნებრივი მრუდის მხარდამჭერი ნაწილი.
  • ფეხები იატაკზე მყარად დადგით, ხოლო მუხლები დაახლოებით 90-გრადუსიან კუთხეში შეინარჩუნეთ.
  • მონიტორი მოათავსეთ თვალის დონესთან ახლოს, რათა მუდმივად წინ ან ქვემოთ დახრა არ დაგჭირდეთ.
  • კლავიატურა და მაუსი ისე განალაგეთ, რომ მხრები მოდუნებული, ხოლო იდაყვები კომფორტულ მდგომარეობაში იყოს.
  • გააკეთეთ რეგულარული შესვენებები - ყოველ 40-50 წუთში წამოდექით, გაიარეთ და შეასრულეთ მსუბუქი გაჭიმვები. 
  • მთავარია, ჯდომა არ შეცვალოთ მთელი დღის განმავლობაში სხვა სტატიკური პოზიციით — მაგალითად, მხოლოდ დგომით. ხერხემლისთვის პოზიციების მონაცვლეობა და მოძრაობა უფრო მნიშვნელოვანია.

რამდენად ეფექტურია ორთოპედიული ბალიშის გამოყენება?

ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ორთოპედიულ დამხმარე საშუალებებს. ფიქსატორები და ბალიშები საგრძნობლად ამცირებს ხერხემალზე დატვირთვას და გეხმარებათ სწორი პოზის შენარჩუნებაში მთელი დღის განმავლობაში. თუ სამუშაოს ან ცხოვრების სტილის გამო ხანგრძლივად გიწევთ ჯდომა, დამატებითი საყრდენი ზოგიერთ ადამიანს კომფორტის გაუმჯობესებაში ეხმარება. მაგალითად, ზურგის ორთოპედიული ბალიში შექმნილია წელის არეში მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით შეიძლება გამოგადგეთ ოფისში მუშაობისას. ასევე არსებობს სავარძლის ორთოპედიული ბალიშები, რომლებიც ხანგრძლივი ჯდომისას სხეულის პოზიციონირებასა და კომფორტის გაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს. წელის არეში უკვე არსებული ტკივილისა და დაჭიმულობის დროს. კი ეფექტურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სპეციალური წელის კორსეტები, რომლებიც ამცირებს დატვირთვას მალებზე და ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას. კომპანია „ახალი ხედვის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების ორთოპედიული ბალიშები, მათ შორის ზურგისა და სავარძლის მოდელები.

მსუბუქი ვარჯიში ზურგის ჯანმრთელობისთვის

ზურგის კუნთების გაძლიერება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. სიარული, ცურვა, იოგა და პილატესი ხშირად გამოიყენება ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად და კუნთების გასაძლიერებლად. თუ რომელიმე მოძრაობა ტკივილს აძლიერებს, მისი გაგრძელება არ ღირს — ვარჯიში ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა?

ჯდომის შემდეგ პერიოდული მსუბუქი დისკომფორტი ყოველთვის სერიოზულ პრობლემას არ ნიშნავს, თუმცა მუდმივი, ძლიერი ან პროგრესირებადი ტკივილი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალისტის კონსულტაცია, თუ ტკივილს ახლავს დაბუჟება, ჩხვლეტა, კიდურში გადამცემი ტკივილი ან მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა.