როგორ გამოვავლინოთ ვარიკოზი და რა მკურნალობის საშუალებები არსებობს
ვარიკოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვენების დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში იჩენს თავს. ამ დაავადების დროს, ვენებზე ჩნდება ვარიკოზული კვანძები - გაფართოება, რომელიც სავსეა სისხლით, ვენები ფართოვდება, იწელება და კარგავს მოქნილობას. ვიზუალურად ეს დაავადება ხასიათდება ტერფებზე, წვივებსა და თეძოებზე გაფართოებული და დაკლაკნილი ვენების არსებობით. პაციენტების უმეტესობას დაზიანება მხოლოდ წვივებზე უვითარდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ვარიკოზი აზიანებს მთლიან ქვედა კიდურს.
ექიმები ვარიკოზის რამდენიმე სტადიას გამოყოფენ:
ვარიკოზის I სტადიაზე რამე გამოხატული ჩივილები არ არსებობს, არის მხოლოდ ვიზუალური, კოსმეტიკური დარღვევები.
ვარიკოზის II სტადიაზე ვლინდება სიმძიმე ფეხებში, მოგვიანებით ჩნდება სიმხურვალის შეგრძნება. დღის მეორე ნახევარში, ვარიკოზს შესაძლოა თან ახლდეს ძლიერი ტკივილები წვივების მიდამოში, ხოლო ღამის საათებში განვითარდეს კრუნჩხვები ფეხის კუნთებში. დამახასიათებელია სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.
ვარიკოზის III სტადიაზე ფეხებზე ვლინდება ძლიერი შეშუპებები. დაზიანებულ ადგილებში კანი შრება, თხელდება და ადვილად ზიანდება, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს დაზიანებული მონაკვეთების პიგმენტაციას.
ვარიკოზის IV სტადიაზე ვენები სივდება, იბერება, ვენების დასიებას და ამობერვას მოსდევს სისხლოვანი კვანძების წარმოქმნა, რომლებიც შეიძლება დასკდეს კიდეც. შესაძლოა გამოვლინდეს ეგზემისა და წყლულების მსგავსი ნაიარევი.
თუ თქვენ ვარიკოზი გაწუხებთ, მაშინ გაითვალისწინეთ რამოდენიმე მარტივი რჩევა:
ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას, ისეთ პროცედურებს: როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა.
ძილის დროს შეეცადეთ, ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა იყოს მოთავსებული.
ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ატარეთ კომპრესიული წინდები ელასტიური კოლგოტი;
მკურნალობის პროცესში დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა კიდურების დატვირთვას.
აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ ვარიკოზის დასამარცხებლად ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისათვის.