კანის ფართოდ გავრცელებული დაავადებები

კანის დაავადებები ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ძირითადად, გაზაფხულზე მწვავდება. ეს პრობლემა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა მსგავსი პრობლემები, ძირითადად, გარდატეხის ასაკიდან იწყება. ამ დროს გამონაყარი სხეულის ნებისმიერ ნაწილში ან კანის მთელ ზედაპირზე ჩნდება. მისთვის დამახასიათებელია ქავილი და წვა. ხოლო,  თუ, დაავადება ინფექციურია, შესაძლებელია სხეულის ტემპერატურა, სისუსტე და გულისრევაც გამოიწვიოს.

წითელი ქარი

კანის ინფექციურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია წითელი ქარი . მისი მაპროვოცირებელი არაერთი მიზეზია ცნობილი, თუმცა, ის  მხოლოდ დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად ვითარდება. კანის ბაქტერიული დაბინძურების მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჭრილობა ან უბრალოდ  მწერის ნაკბენი გახდეს. წითელი ქარისთვის დასაწყისში სისუსტე და თავის ტკივილია დამახასიათებელი, ამას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება შემცივნება და ტემპერატურის მატება.  ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად შესაძლოა ავადმყოფს უმადობა, უძილობა და გულისრევა დაეწყოს. დაავადების დაწყებიდან 10-24 საათის შემდეგ იწყება კანის დაზიანებული მონაკვეთის ტკივილი, შემდეგ ჩნდება ერითემული ლაქა, რომლის ზომა სწრაფად იზრდება, კანის ანთებით მოცული მონაკვეთი შეშუპდება და ხდება მტკივნეული. კანის დაავადებებს შორის ასევე, ყველაზე გავრცელებულია:

აკნე - ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს. თუმცა, ყველაზე ხშირად, აკნეს პროვოცირება გარდატეხის პერიოდს და მის თანმხლებ მოვლენებს უკავშირდება როგორიცაა - ჰორმონული ფონის ცვლილება და სასქესო ჰორმონების - ანდროგენების მატება. 

დერმატიტი - ვითარდება მაშინ, როდესაც  ცილა   ფილაგრინის დეფიციტია. ეს არის ცილა, რომელიც კანში წყლის შეკავებასა და კანის დატენიანებას უზრუნველყოფს. მისი ნაკლებობით გამოწვეული კანის არასრულფასოვნების შედეგად, კი  ვითარდება სიმშრალე, ქავილი და სიწითლე.

ჭინჭრის ციება - კანის რეაქციაა, რომელიც ძირითადად, მაშინ ვლინდება როდესაც ცილა ჰისტამინი  კანზე გროვდება. ამ დროს გამონაყარი ხანმოკლეა და არ იწვევს გართულებებს, მისთვის დამახასიათებელია სიწითლე, შესიება და ქავილის შეგრძნება.

ფსორიაზი - იწვევს წითელ გამაგრებულ გამონაზარდებს კანზე, რომელიც დაფარულია ვერცხლისფერი ქერცლით.

ცნობილია ასევე, კანის სოკოვანი დაავადები, რომელთა გამომწვევი  მრავალი მიზეზი არსებობს.  ამ ინფექციის განვითარებას ხშირად უკავშირდება ოფლიანობა, ტენიანი და თბილი გარემო, ვიწრო ან სინთეტიკური ტანსაცმელი.