რა ზიანი მოაქვს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას?

ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომა ადამიანებზე მავნე ზემოქმედებას ახდენს. მისგან გამოწვეული ნეგატიური გავლენა პირველ რიგში მხედველობაზე აისახება. ეს გამოწვეულია იმით, რომ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის დროს თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო, თვალი იძაბება  და  მისი ქმედუნარიანობა იკლებს. განსაკუთრებით დიდ დატვირთვას იღებს თვალი  მაშინ, როცა ადამიანს კომპიუტერში ინფორმაცია შეჰყავს. ამ დროს ის იძულებულია ხშირად გადაიტანოს მზერა ეკრანიდან ტექსტზე, ტექსტიდან – კლავიატურაზე, რომლებიც სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხედველობაზე უარყოფითად აისახება. 

კომპიუტერის მავნე ზემოქმედება ადამიანის სხეულზე

გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გულისცემის სიხშირე კომპიუტერთან 1 საათიანი მუშაობის შედეგად  ათი დარტყმით, წნევა კი საშუალოდ 5-10 ერთეულით მატულობს. ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური მდგომარეობა, კვების რეჟიმი, რამაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. კომპიუტერთან ხანგრძლივმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებებიც. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

ზურგის ტკივილი - გვერდულად ან  მოხრილ მდგომარეობაში ხანგრძლივად არასწორმა ჯდომამ შესაძლოა ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი ან ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებები გამოიწვიოს. ამ დროს ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში, რაც თავის ტკივილის მიზეზი ხდება.

წელის ტკივილი - ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომელთაც საათობით კომპიუტერთან ჯდომა უწევთ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. არსებობს ასევე პოლიურეთანის ქაფისგან დამზადებული ზურგის ბალიში, რომელიც  წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ის იდეალურია ოფისში მომუშავეთათვის.

მაჯის ტკივილი - ყურადღება მიაქციეთ ხელების მდგომარეობას  კლავიატურასთან მუშაობის დროს. თუ კლავიატურა სხეულისგან ძალიან მაღლა, შორს ან პირიქით ახლოს გაქვთ მოთავსებული, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს მაჯის არხის სინდრომი. ამიტომ, ხშირად შეიცვალეთ ჯდომის პოზა, აკონტროლეთ კუნთების დაძაბულობა, შეამოწმეთ, დაჭიმული ხომ არ არის ხერხემალი და მოირგეთ სამუშაო სივრცე კომფორტულად. 

როგორ ავირიდოთ თავიდან კომპიუტერის მავნე ზეგავლენა?

კომპიუტერთან მუშაობის დროს გაითვალისწინეთ, რომ  მონიტორის ქვედა კიდე ოდნავ წინ გადაწიოთ. სკამი კი, რომელზეც სხედხართ, სასურველია, რომ კომფორტული და რეგულირებადი იყოს. ჯდომის პროცესში უმჯობესია, კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე დააფიქსიროთ, ტერფი კი  აუცილებლად უნდა ეხებოდეს იატაკს. ყოველ 20 წუთში გაავარჯიშეთ თვალები: გადაიტანეთ მზერა კომპიუტერის მონიტორიდან და თვალის კაკლის მოძრაობით დაასვენეთ მხედველობის ორგანო. ამასთანავე, ყოველ 1 საათში თითოეული სახსრის მარტივი მოძრაობით განტვირთეთ და გაავარჯიშეთ სხეული. ფიზიკური აქტივობა სამუშაო საათებში ძალიან მნიშვნელოვანია.